ავსტრიის კანცლერი პუტინთან შეხვედრაზე: ეს იყო არამეგობრული ვიზიტი

ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრას „არამეგობრული, ძალიან პირდაპირი, ღია და მკაცრი" უწოდა. ნეჰამერი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც პუტინს პირისპირ შეხვდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ავტრიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ომის დანაშაულებში ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს და რომ დასავლეთის სანქციები გაძლიერდება, ვიდრე ადამიანები იღუპებიან უკრაინაში.

„არ ვარ განსაკუთრებით ოპტიმისტურად განწყობილი. შეტევა უკრაინაში მზადდება დიდი მონდომებით", - განაცხადა ნეჰამერმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე, CNN-ის ცნობით.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არ ელოდა, პუტინი აზრს შეცვლიდა, მასთან ფაქტებით დაპირისპირება მნიშვნელოვანია.

„ახლახან ჩამოვედი უკრაინიდან და ჩემი თვალით ვნახე ის ტანჯვა, რომელიც გამოწვეულია რუსეთის აგრესიული ომის შედეგად", - ნათქვამია ნეჰამერის განცხადებაში, რომელიც მისმა ოფისმა გაავრცელა მოსკოვის მახლობლად გამართული შეხვედრის შემდეგ. კანცლერის სპიკერის თქმით, მხარეები დაახლოებით 75 წუთის განმავლობაში საუბრობდნენ ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში.


ამერიკული მედიის ცნობით, რუსეთში ვიზიტამდე ნეჰამერი კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და ეწვია ქალაქ ბუჩას, სადაც რუსეთის აგრესიიდან ერთი თვის შემდეგ, ქუჩებში მიმოფანტული უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.

ასევე CNN წერს, რომ ავსტრიის კანცლერის ვიზიტმა გაყო აზრი ევროკავშირის ლიდერებს შორის, ზოგიერთმა გამოთქვა სკეპტიციზმი რუსეთის ლიდერთან ურთიერთობის შესახებ.


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კვირას განაცხადა, რომ „უკიდურესად რთული“ იქნება რუსეთთან მოლაპარაკებებზე ფიქრიც კი, ქალაქ ბუჩასა და კრამატორსკში ჩადენილი სისასტიკის შემდეგ. ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეჭვი შეიტანა მოლაპარაკებების ეფექტიანობაში.

ნეჰამერს სიფრთხილისკენ მოუწოდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმაც. „ნუ იქნებით გულუბრყვილო. პუტინი არის ამ საშინელი ომის დანაშაულისა და ამ სისასტიკის ჩამდენი და ის უნდა დაისაჯოს ამისთვის", - განაცხადა ჩეხმა მინისტრმა.


რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.