არჩილ თალაკვაძე: უკრაინაში გავემგზავრებით, როდესაც შესაძლებლობა იქნება

ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა უკრაინაში ვიზიტის მზადყოფნა უკვე გამოხატა და გავემგზავრებით, როდესაც შესაძლებლობა იქნება, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.

„ჩვენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ, ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა უკრაინაში ვიზიტის მზადყოფნა უკვე გამოხატა და როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება, გავემგზავრებით, რათა კიდევ ერთხელ მივუსამძიმროთ უკრაინასა და უკრაინელებს ის მძიმე ადამიანური დანაკარგები, რაც სამწუხაროდ, ამ ომს თან ახლავს. ასევე, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ, ჩვენი მხარდაჭერა", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, 8 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა, მიწვევას უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც, რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ იპოვეს სასტიკად მოკლული ათეულობით ადამიანის გვამი.

„რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს", - ნათქვამი იყო შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

უკრაინის რადას თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: მიზანშეწონილია, „არასათანადო“ ვუწოდოთ მოწვევას, რომ ჩავიდეთ მეგობარ ქვეყანაში და ვნახოთ მისი უბედურება?