ვლადიმერ პუტინი: ბუჩა სიყალბეა, მსგავსი „პროვოკაციები" სირიაშიც განხორციელდა

ბუჩა სიყალბეა, მსგავსი „პროვოკაციები" სირიაშიც განხორციელდა და მაშინ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

"რაც ხდება უკრაინაში, არის ტრაგედია, მაგრამ ლუკაშენკომ სწორად თქვა: უბრალოდ, არჩევანი არ იყო, ერთადერთი კითხვა იყო, როდის დაიწყება. სულ ეს იყო", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, ლუკაშენკომ მას ბუჩაში მომხდარი „პროვოკაციის“ დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა და აღნიშნა, რომ ამ ქალაქში „სიტუაცია ყალბია“. პუტინის თქმით, მსგავსი „პროვოკაციები“ სირიაშიც განხორციელდა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ.

11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.

ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.