პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში დააკავეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს. 

ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა.

2021 წლის მაისში კიევში გაჩხრიკეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნათლიმამად წოდებული უკრაინელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის სახლი. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი.

პროკურატურის ინფორმაციით ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით რუსეთს გადასცა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ.

66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი - ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც 620 მლნ. დოლარს შეადგენს, ამავე დროს პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმას“ ლიდერია. ის ასევე ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი და მისი ქალიშვილის ნათლიაა. მედვედჩუკი უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება, და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან  ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა.