უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს პროგნოზით, მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ომი გაგრძელდება და გაძლიერდება.
მისი თქმით, უკრაინის ხელმძღვანელობის ძირითად ამოცანად რჩება აგრესიის უკუგდება, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება.
„გიგზავნით გულწრფელ სალამს თქვენი მეგობარი უკრაინიდან. დიდ მადლობას გიხდით ტრადიციული ისტორიული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი ხალხები გრძნობენ ერთმანეთის მიმართ. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენ ამას ვგრძნობთ ახლაც. ძალიან ბევრი სასახელო, მამაცი მებრძოლი ეხმარება უკრაინას ამ ბრძოლაში მთელი ცივილიზაციის მომავლისთვის. პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმის ოცნება იყო, რომ უკრაინა აეღო 48 საათში. ეს არ გამოუვიდა არც 48 საათში და არც 48 დღეში. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგის ინტერესები დღევანდელი მდგომარეობით გადასახედია. ისინი უკვე აღარ საუბრობენ კიევზე, მთლიანად უკრაინაზე. მათი ინტერესი მიმართულია უკრაინის აღმოსავლეთით. რუსეთი აგრძელებს თავისი სამხედროების გადაადგილებას უკრაინის აღმოსავლეთის მიმართულებით და აგრძელებს სამხედრო მოქმედებებს. ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებში, ასევე კრამატორსკთან ახლოს. ჩვენი თავდაცვის სამინისტროს პროგნოზით, ომი გაგრძელდება და გაძლიერდება მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში. უკრაინის ხელმძღვანელობის ძირითად ამოცანად რჩება აგრესიის უკუგდება, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება“, - განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა „იმედის“ ეთერში.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს