პუტინთან დაახლოებული უკრაინელი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის 26 მანქანა, 55 სახლი, 30 მიწის ნაკვეთი და იახტა დააყადაღეს

პრორუს პოლიტიკოსს, პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ ვიქტორ მედვედჩუკს და მის ცოლს, ოქსანა მარჩენკოს უკრაინაში ბინები, ავტომანქანები და მიწის ნაკვეთები, სულ 154 ობიექტი დაუყადაღეს. უკრაინის საგამოძიებო ბიუროს ცნობით, ლვოვის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დაყადაღებულია 26 ავტომობილი, 23 სახლი, 32 ბინა, მიწის 30 ნაკვეთი და სხვა ქონება.

ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, მედვედჩუკის სახლი კიევში გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი.

პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით რუსეთს გადასცა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ.

66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც 620 მლნ. მედვედჩუკი უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მან ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა.


12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.