ავსტრიის კანცლერი: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების ფანჯარა ჯერ ისევ რჩება

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების ფანჯარა ჯერ ისევ რჩება. „ორივე მხარე სამხედრო ვითარების შესაბამისად აზროვნებს, თუმცა ორივემ იცის, რომ რაღაც მომენტში ეს უნდა დასრულდეს“, - ეს განცხადება ავსტრიის კანცლერმა მედიასთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ გააკეთა.

ამასთან ავსტრიის კანცლერი შიშობს, რომ დონბასში საომარი ვითარება გამწვავდება: „ორივე მხარე ემზადება დაძაბული და ადამიანური თვალსაზრისით გამანადგურებელი ბრძოლისთვის“. თუმცა, კარლ ნეჰამერი მიიჩნევს, რომ „მოლაპარაკებისთვის ყველა კარი არაა დახურული“.

კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ ახლა მთავარი საკითხია „შესაძლებელია თუ არა ომის დასრულება ისე, რომ ორივე მხარემ სახე შეინარჩუნოს“. მისი თქმით, ევროკავშირის ბოლო სანქციები „რუსეთის საომარ ძალას ასუსტებს საშუალო ვადიან პერსპექტივაში, მაგრამ ეს პუტინს არ წაახალისებს, რომ ომი დაუყოვნებლივ დაასრულოს“. 


9 აპრილს ავსტრიის კანცლერი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 11 აპრილს კი მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა.

კარლ ნეჰამერი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებიდან პირველია, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეხვდა. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ავსტრიის კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან „პირდაპირი, ღია და მძიმე“ საუბარი შედგა.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.


ასევე წაიკითხეთ 

ავსტრიის კანცლერი პუტინთან შეხვედრაზე: ეს იყო არამეგობრული ვიზიტი