ბუჩასა და იაგიდნეში რუსული ჯარების გასვლის შემდეგ ორი ჟურნალისტის – რომან ნეჟიბორეცისა და ზორესლავ ზამოისკის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ავრცელებს.
რომან ნეჟებორეცის ცხედარი ადგილობრივებმა კიევიდან 140 კილომეტრში მდებარე სოფელ იაგიდნეში აღმოაჩინეს, ზორესლავ ზამოისკის კი – ბუჩაში. რუსმა სახედროებმა სოფელი იაგიდნე 5 მარტს დაიკავეს. რომან ნეჟებორეცი იქ ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც ქალაქი ჩერნიგოვი 24 თებერვალს დატოვა და თავი სოფელს შეაფარა. კერძო ტელეკომპანია „დიტინეცის“ დირექტორის, ტატიანა ზდორის თქმით, რომან ნეჟებორეცი არხისთვის იაგიდნედან მუშაობდა მანამ, სანამ სოფელს რუსი სამხედროები დაიკავებდნენ. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი წერს, რომ ოკუპაციის დღეს რომანი ცდილობდა გადაღებული მასალები გადაერჩინა. ის რუსმა სამხედროებმა სწორედ მაშინ დაიჭირეს, როდესაც დედას დაურეკა და სთხოვდა, მისი კოლეგებისთვის მიეწვდინა ხმა.
6 აპრილს, როდესაც რუსეთის ჯარები გავიდნენ, სოფელში, საერთო სამარხში, უკრაინელმა მოხალისეებმა ჟურნალისტის ხელებშეკრული ცხედარი იპოვეს. მას მუხლები ჰქონდა დაცხრილული. რომანის ოჯახი ფიქრობს, რომ ის 5-9 მარტის დღეებში მოკლეს. ზორესლავ ზამოისკის ცხედარი ბუჩის მცხოვრებლებმა ქუჩაში იპოვეს. ვებსაიტ „გრომადა პრიირპინიას“ დამფუძნებლის, ირინა ფედოროვის ინფორმაციით, ზამოისკი მისი გამოცემისთვის ბუჩადან და ირპენიდან ფრილანსერად მუშაობდა. ჟურნალისტი აქტიურად აშუქებდა ომს ფეისბუკის პერსონალურ გვერდზეც. მისი ბოლო პოსტი 4 მარტით თარიღდება.
რუსმა სამხედროებმა ბუჩა 27-31 მარტს დაიკავეს. 12 აპრილს კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პავლიუკმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ოკუპაციის პერიოდის 400-ზე მეტი მოქალაქე მოკლეს.
„ჩვენ შეძრულები ვართ ჟურნალისტების რომან ნეჟიბორიცისა და ზორესლავ ზამოისკის დაღუპვით და მოვუწოდებთ უკრაინას რომ გამოიძიონ მომხდარი“, - ნათქვამია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.