კულებამ და ბლინკენმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემდგომ პაკეტსა და რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე იმსჯელეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემდგომი პაკეტი და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხი განიხილეს. Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კულებამ უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის აშშ-ს მადლობა გადაუხადა.


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს.


 შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.