რუსეთმა ბორის ჯონსონი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
მათივე ცნობით, აკრძალვის მთავარ მიზეზად რუსეთი ქვეყნის მიმართ ბრიტანეთის „მტრულ“ პოლიტიკას ასახელებს.
მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს შავ სიაში მოხვდა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლიზ ტრასი, ასევე ვიცე-პრემიერი დომინიკ რააბი, თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი და სხვები.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.