ვიქტორ მედვედჩუკი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი თავის მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში გაცვლას სთხოვს. აღნიშნულის შესახებ მედვედჩუკმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურებმა გაავრცელეს.
„მსურს მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, რომ უკრაინულმა მხარემ გამცვალოს მარიუპოლის მცველებსა [უკრაინელ ჯარისკაცებში] და ქალაქში მყოფ მოქალაქეებში, რომელთაც არ აქვთ ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით ქალაქის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა“, - განაცხადა მედვედჩუკმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი და ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს. მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ გაიქცა. დაკავებამდე მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.