დონბასში რუსეთის ძალების მიერ შეტევითი ოპერაციის ნიშნები ფიქსირდება. ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბზე დაყრდნობით წერს.
გრძელდება ოკუპანტების მხრიდან სარაკეტო დარტყმები სამრეწველო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. რუსეთის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დონეცკისა და ლუჰანსკის ტერიტორიებზე სრული კონტროლის დამყარებისკენ და მანამდე დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებისკენ. „სლობოჟანსკისა და დონეცკის ოპერაციულ რაიონებში აგრესორმა ცალკეულ მიმართულებებზე გააქტიურა შეტევითი მოქმედებები. ვოლინის, პოლესკისა და სევერსკის მიმართულებით მოწინააღმდეგის ჯარების მოქმედებებში არსებითი ცვლილებები არ არის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სლობოჟანსკის მიმართულებით რუსეთის დაჯგუფებები განაგრძობენ ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბოლოკირებას და საარტილერიო ცეცხლით ქალაქში საცხოვრებელი უბნების დანგრევას.
უწყების ინფორმაციით, მოსალოდნელია შეტევების გაგრძელება იზიუმი-სლავიანსკისა და იზიუმი-ბარვენკოვოს მიმართულებებით.
უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ბელგოროდის ოლქში შეინიშნება ვერტმფრენების მოედნების მოწყობა. მტერმა გააქტიურა შეტევითი მოქმედებები სევეროდონეცკის, პოპასნიანსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით. გრძელდება ბრძოლები მარიუპოლისათვის. რუსეთის ჯარი ახორციელებს შტურმს საზღვაო პორტის რაიონში.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მტერი არ წყვეტს მცდელობებს სრული კონტროლი დაამყაროს ხერსონის ოლქში.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება.
ასევე წაიკითხეთ