ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება, ქვეყნის პრეზიდენტმა ორშაბათს ხაზი გაუსვა რვაკვირიანი ომის დასასრულებლად ცეცხლის შეწყვეტის და შემდეგ გრძელვადიანი მშვიდობის აუცილებლობას. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.
უკრაინასა და რუსეთს შორის ჯერ ზავის და შემდეგ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება იქნება „კაცობრიობის სახელით შესრულებული ყველაზე სასარგებლო ქმედებები“, განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში ელჩების ჯგუფთან შეხვედრისას.
„მთელი გულით მჯერა, რომ მშვიდობიანი გადაწყვეტა შეიძლება მოიძებნოს დიალოგის გზით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების საფუძველზე", - ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა.
ვლადიმერ პუტინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. რუსულმა ჯარმა უკრაინის დასავლეთიდან უკან დაიხია და მთელი აქცენტი უკრაინის აღმოსავლეთით გადაიტანა. პუტინი ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესი კიევმა ჩაშალა „ყალბი განცხადებებით“ და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნით. უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის" ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ რუსეთის განცხადებებისგან განსხვავებით, უკრაინული მხარე სტამბულის შეთანხმების ერთგულია და პოზიცია არ შეუცვლია. „ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ უკრაინულმა მხარემ არ გაითვალისწინა ყველა დამატებითი საკითხი, რაც არ იყო სტამბოლის შეხვედრაზე დღის წესრიგში დაყენებული. ალბათ, ამან გამოიწვია მოლაპარაკებების პროცესის ამჟამინდელი მდგომარეობის არასწორი ინტერპრეტაცია“, განაცხადა არახამიამ ტელეგრამზე გავრცელებულ განცხადებაში. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში გრძელდება.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.