აშშ უკრაინას უფრო მეტ არტილერიას მიაწვდის

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, აშშ უკრაინას უფრო მეტ არტილერიას მიაწვდის. CNN-ის ცნობით, ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა აშშ უკრაინისთვის უფრო მეტი არტილერიის მიწოდებას, ბაიდენმა დადებითი პასუხი გასცა.

800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. 19 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-თან განაცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს. 


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.