სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „შეშფოთება გამოთქვეს რიგი ქვეყნების მიერ ცალმხრივი სანქციების დაწესების გამო“. ამის შესახებ ნათქვამია ორი ქვეყნის ლიდერების განცხადებაში, რომელიც მოსკოვში შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. ფაშინიანმა და პუტინმა საერთო ინტერესების ფარგლებში, საერთაშორისო აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა და რეგიონული თემები განიხილეს.
„გაცვალეს მოსაზრებები პოლიტიკურ, სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებზე, ასევე ორმხრივი ფართო დღის წესრიგის შესახებ. მხარეებმა გამოთქვეს განზრახვა ხელი შეუწყონ პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთისა და სომხეთის პროვინციებსა და რეგიონებს შორის. მიაღწიეს შეთანხმებას ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარების წახალისების შესახებ.
პუტინმა და ფაშინიანმა აღნიშნეს რეგულარული მაღალი დონის დიალოგის მნიშვნელობა. ამ კუთხით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის რუსეთის ფედერაციაში ოფიციალური ვიზიტის აქტუალურობა და მნიშვნელობა, რომელმაც კიდევ უფრო უნდა გაამყაროს ორმხრივად მომგებიანი პოლიტიკური კონტაქტები, გააღრმაოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და ინტეგრაციული პროცესები ევრაზიის რეგიონში, უზრუნველყოს სამხრეთ კავკასიაში საკითხების მოგვარება და სტაბილურობის გაზრდა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს მოსკოვსა და ერევანს შორის ბიოუსაფრთხოების საკითხებში მიღწეული შეთანხმებების შემდგომი განხორციელების მნიშვნელობას (...). დადასტურდა, რომ ორი ქვეყნის ტერიტორიები არ იქნება გამოყოფილი მესამე ქვეყნების მიერ გამოსაყენებლად ბიოუსაფრთხოებაში ერთმანეთის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებების განსახორციელებლად.
მხარეები ინარჩუნებენ საერთო მიდგომებს საერთო წარსულის მიმართ და გამოთქვეს განზრახვა, განაგრძონ ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვისა და ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ.
მხარეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ძალისხმევა რასიზმთან, ქსენოფობიასთან, ნეონაციზმთან, ასევე ეროვნების, ენის ან რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე თემაზე
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა