რუსეთმა უკვე დაკარგა ნდობა უკრაინელი მომლაპარაკებლების მიმართ, – ამის შესახებ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„რუსეთმა უკვე დაკარგა ნდობა უკრაინელი მომლაპარაკებლების მიმართ. ნდობა ამ ხალხისადმი უკვე დიდი ხანია, აღარ გვაქვს. იმ ადამიანის ოფისის მხრიდან, რომელიც საკუთარ თავს უკრაინის პრეზიდენტს უწოდებს და რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილებები აქვს, გაჟღერდა თხოვნა მოლაპარაკებების წარმოების შესახებ. რუსეთმა ამ თხოვნაზე უარი არ თქვა. შემდეგ დაიწყო, როგორც ყოველთვის, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ცირკი კიევის რეჟიმის მხრიდან, ხან ჩადიან, ხან არ ჩადიან, ხან მონაწილეობენ, ხან არ მონაწილეობენ“, – განაცხადა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.
ასევე წაიკითხეთ:
გაერო: უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა