საგამოძიებო სამსახურსა და უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს შორის, ონლაინ ფორმატში, სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა და უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ვადიმ მელნიკმა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაფორმებული მემორანდუმი საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავ უწყებებს შორის, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა აღნიშნა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და უკრაინის კოლეგა უწყებას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

„მოხარული ვარ, რომ მიუხედავად ასეთი რთული ვითარებისა, ჩვენ უწყებებს არ შეუწყვეტიათ კომუნიკაცია და მოვახერხეთ უკვე ჩამოყალიბებული პროფესიული ურთიერთობების ფორმალიზება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობა სამომავლოდ გაგრძელდება და შედეგიანი იქნება ორივე ქვეყნის უწყებისთვის“, - აღნიშნა სოსო რამიშვილმა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სამძიმარი გამოუცხადა თითოეული დაღუპული ადამიანის ოჯახს, გულწრფელი თანადგომა და სოლიდარობა გამოხატა უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ.

უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა, ვადიმ მელნიკმა განაცხადა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან მემორანდუმის გაფორმება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო გამოცდილების მოსაზიდად.