ვლადიმერ პუტინი ბალისტიკური რაკეტის გამოცდაზე: ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული, აგრესიული რიტორიკით ცდილობს, დაგვემუქროს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „სარმატის“ ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა პირველად გამოსცადა. რაკეტა არხანგელსკის რაიონში არსებული ბაზიდან კამჩატკაზე მდებარე პოლიგონის მიმართულებით ისროლეს.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის უწყების ცნობით, სარმატის“ ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. რაკეტის გამოცდასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.

„ამ რაკეტის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს და კიდევ დიდ ხანს არ იქნება. ეს უნიკალური იარაღი ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს გაამყარებს. საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან და აიძულებს დაფიქრებას მათ, ვინც გაშმაგებული აგრესიული რიტორიკით ცდილობს ჩვენი ქვეყნისთვის დამუქრებას", – თქვა პუტინმა. 


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.