ირაკლი ღარიბაშვილი: არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა ბრძოლის საამაყო მაგალითები არ შექმნეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა არ შექმნეს ბრძოლის, შემართების, გმირობის, პროფესიონალიზმის საამაყო მაგალითები. ამის შესახებ მან თავდაცვის ძალების 31 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. განსაკუთრებულად მინდა ეს დღე მივულოცო თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს - ჩვენს საამაყო ჯარს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგით სამხედროებს, რომლებიც ასრულებენ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს: იცავენ ჩვენს ქვეყანას და მის თავისუფლებას. დიდი პატივი და პატრიოტიზმია, ერთგულად ემსახურო შენს ქვეყანას, იყო მისი ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, ქართული ჯარის ნაწილი. ასევე დიდი სიამაყის განცდაა, შენი წვლილი შეიტანო მის განვითარებასა და გაძლიერებაში. მინდა ყველა სამხედროს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სამსახურისთვის. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს დაუმარცხებელ დაჭრილ სამხედროებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ვაჟკაცურად იცავდნენ ყველა ფრონტზე, მათ შორის იცავდნენ მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობას.

თავდაცვის ძალების დღეს მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ჩვენი ვეტერანების მიმართ, რომლებიც ურთულესი გამოწვევების პირობებში ერთგულად ემსახურნენ ჩვენს ქვეყანას და პირნათლად მოიხადეს თავიანთი ვალი ქვეყნის წინაშე. მინდა ასევე გითხრათ, რომ არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა არ შექმნეს ბრძოლის, შემართების, გმირობის, პროფესიონალიზმის საამაყო მაგალითები", - აღნიშნავს პრემიერი.