აშშ-ის 2021 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტი, რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი დღეს მოაწერა, საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.
აშშ-ის საბიუჯეტო კანონში აღნიშნულია, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, სახელმწიფო მდივანმა ასიგნებების კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში საქართველოში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შესახებ.
კანონში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. კერძოდ, აშშ-ის საბიუჯეტო თანხები არ უნდა დაიხარჯოს არც ერთი ქვეყნის დასაფინანსებლად, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ან დაამყარა მათთან დიპლომატიური ურთიერთობა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დროულად უნდა გამოაქვეყნოს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ნებისმიერი ასეთი ცენტრალური მთავრობების სია.
აშშ-ის ბიუჯეტის კანონში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივანმა შესაძლოა, უარი თქვას აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული დახმარების შეზღუდვაზე, თუკი ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. კანონში წერია, რომ სახაზინო დეპარტამენტის ინსტრუქციით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აღმასრულებელმა დირექტორებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ ისეთ პროგრამებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.