ჩეხეთისთვის საქართველო არის პრივილეგირებული, მეგობრული ქვეყანა და ეს ყველაფერი უნდა ავსახოთ ქმედით ნაბიჯებშიც - გვსურს, განვავითაროთ თანამშრომლობა მთელ რიგ დარგებში, - ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტმა, მილოშ ვისტრჩილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ერთობლივ ბრიფინგზე მილოშ ვიტრჩილმა ჩეხეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ საერთო ისტორია ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების საწინდარია. ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩეხეთი აფასებს იმ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც საქართველო უკრაინას უწევს.
„მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას, შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტში მასპინძლობისთვის. შეხვედრაზეც ხაზგასმით აღვნიშნე, რომ პარლამენტში ვიზიტამდე, ჩვენ გვირგვინით შევამკეთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი. ჩეხეთის რესპუბლიკა სრულად, მუდმივად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის პრინციპები ირღვევა. ისტორია გვაძლევს შესაძლებლობას და საწინდარს ურთიერთგაგებისთვის. მკაფიოდ ვგმობთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში და დავაფასებთ, თუ სხვა ქვეყნებიც, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიც, დაგვეხმარებიან უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიგვაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სუსტი იყო ევროკავშირის რეაქცია ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაზე 2008 წელს, ასევე ყირიმის ანექსიაზე 2014 წელს, ახლა ერთიანობის დრო დადგა.
ევროკავშირში მკაფიო პოზიცია გაგვაჩნია. დარწმუნებულები ვართ, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელიც მიდის დემოკრატიზაციის და ევროპული ღირებულებების მიმართულებით, უკრაინაში რუსული ჯარის შეჩერებისთვის მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგას. უკრაინის მხარდაჭერა უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი. ვაფასებ იმ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც უკრაინაში საქართველოდან მიდის. ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ის, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთის რესურსებზე. იგივე შეიძლება ვთქვათ ჩინეთზე. დივერსიფიკაცია უნდა მოხდეს როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთის შემთხვევაში“,- განაცხადა მილოშ ვისტრჩილმა.
პარლამენტის სენატის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის სექტორული მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრობლობის გაღრმავების მიზნით, ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შორის იმყოფება 30-ზე მეტი ბიზნესმენი. ასევე, გვსურს, დავამყაროთ თანამშრომლობა მეცნიერების და ინოვაციების დარგში, ამიტომ ჩვენთან ერთდ საქართველოში ჩამოვიდა მეცნიერებათა აკადემიის თავმჯდომარე. ჩვენთან ერთად არიან რამდენიმე სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის, მრეწველობის მინისტრის მოადგილე ბატონი ჩეშნიაკი. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჩვენთვის საქართველო არის პრივილეგირებული, მეგობრული ქვეყანა და ეს ყველაფერი უნდა ავსახოთ ქმედით ნაბიჯებშიც. გვსურს, განვავითაროთ თანამშრომლობა მთელ რიგ დარგებში, როგორიცაა სოციალური სფერო, ჯანდაცვის სფერო, წყლის მეურნეობის სფერო. ამისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა არის ასოცირების ხელშეკრულების პირობების შესრულება. ჩეხი ბიზნესმენებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს იმ პირობებს, რომელიც არის აქ საქართველოში და რომელიც სრულიად თავსებადი უნდა იყოს ევროკაშირის პირობებთან. ამავდროულად, შევთანხმდით იმაზეც, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა წინაპირობა არის საერთო ევროპული ღირებულებების მიმართ პატივისცემა. სამართლიანი სახელმწიფო; თავისუფალი მედია; საჯარო ინსტიტუტები; დემოკრატიულ მოქმედება; ყველა ამ დარგში მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან“, - განაცხადა მილოშ ვისტრჩილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს, მილოშ ვისტრჩილს შეხვდა.