ჩეხეთი ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს მოკლე ვადებში გაწევრიანებას მხარს უჭერს
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს მილოშ ვისტრჩილს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობების ვრცელ სპექტრზე. აღინიშნა, რომ საქართველომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რითაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
თავის მხრივ, ჩეხეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჩეხეთის პოზიცია საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მიმართულებით, აღნიშნა, რომ მხარს უჭერს აღნიშნულ ორგანიზაციებში ჩვენი ქვეყნის მოკლე ვადებში გაწევრიანებას და სრული მხარდაჭერა აღუთქვა რეფორმების განხორციელების პროცესში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მათ შორის, ენერგეტიკის, მანქანათმშენებლობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ჯანდაცვისა და სხვა სექტორებში.
ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვის მნიშვნელობას, რომლის დროსაც ორი ქვეყნის დელეგაციებმა განსაზღვრეს სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
შეხვედრაზე ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი მიესალმა თბილისში ჩეხეთის ვაჭრობის ხელშეწყობის სამთავრობო სააგენტოს CzechTrade-ის ოფისის გახსნას. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ოფისი სამომავლოდ მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობისა და განვითარების მიმართულებით.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ჩეხეთის სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში, ორი ქართულ-ჩეხური ბიზნეს ფორუმის გამართვა, რომელიც თბილისსა და ბათუმში ჩატარდება. ამ მიზნით, საქართველოში 30 ჩეხი ბიზნესმენი ჩამოვიდა.
ასევე წაიკითხეთ: