ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა. დეკლარაციას, რომელიც საქართველოსა და სომხეთს შორის მომავალი, კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობის პრინციპებს განსაზღვრავს, საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა მოაწერეს ხელი. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დეკლარაციის პრინციპების პრაქტიკულ საქმიანობაში დანერგვისათვის დროში გაწერილი გეგმის საფუძველზე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. გეგმის შემუშავება რატი ბრეგაძემ შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს დაავალა.
„ჩვენი სიტყვა ასოცირებულია შესრულებასთან. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ვიმოქმედებთ ძალიან სწრაფად და დროსთან ადეკვატურად, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე“, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.
კარენ ანდრესიანმა მადლობა გადაუხადა რატი ბრეგაძეს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ სომხეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება ყველა იმ სფეროში, რომელთაც ერთობლივი დეკლარაცია მოიცავს.
„ჩვენი თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება“, − განაცხადა მან და დასძინა, რომ მოუთმენლად ელის ქართველი კოლეგების ჩასვლას სომხეთის რესპუბლიკაში.
დეკლარაციის თანახმად, სამართლებრივ სფეროში საქართველო-სომხეთის თანამშრომლობა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქართული ინოვაციების − PROBBOX-ისა და მობილური იუსტიციის სახლების − მოდელის დანერგვას სომხეთში; ერთობლივი ტრენინგების და პრაქტიკების გზით ადამიანური რესურსის შესაძლებლობების განვითარებას, პენიტენციურ სისტემაში რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებაში მეზობელი ქვეყნისათვის დახმარების გაწევას, სანოტარო აქტების ნამდვილობის დადასტურების, აგრეთვე, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ერთობლივი მექანიზმების შემოღებას.
ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი თბილისში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.