თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად, ქვეყნის მთავარი აეროპორტი უფრო მეტი დიდი ზომის საჰაერო ხომალდის მიღებას შეძლებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ეს შესაძლებლობა დამატებითი სამიმოსვლო ბილიკისა და მოსაბრუნებელი მოედნის მშენებლობის შემდეგ გაჩნდა. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ახალი სამიმოსვლო ბილიკი აეროპორტის ასაფრენ ზოლთან დიდგაბარიტულ, მეტწილად, კარგო თვითმფრინავებს აკავშირებს, რომლებიც ტვირთის გადაზიდვისთვის გამოიყენება.
მისი თქმით, ახალი ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ, გაზრდის აეროპორტის გამტარუნარიანობას და დააჩქარებს აფრენების სიხშირეს, მეორე მხრივ კი, გააუმჯობესებს აეროპორტში მიმოსვლას უსაფრთხოების კუთხით. „ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ვხედავთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტვირთების მზარდ ნაკადს,“ - აღნიშნა მინისტრმა.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მზარდია ინტერესი ინვესტორების მხრიდან, რომ კარგო მიმართულება განვითარდეს. ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ მოხდეს კარგო მიმართულების უფრო მეტად განვითარება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა კარგო ჰაბის როლი შეასრულოს. ამ კუთხით ახალმა ინფრასტრუქტურამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
აეროპორტის ახალ ინფრასტრუქტურა აღიჭურვა თანამედროვე შუქ-სასიგნალო სისტემით, რომელიც აუცილებელია აეროპორტის და მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულყოფილი და გამართული ფუნქციონირებისთვის. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გამტარუნარიანობა და უსაფრთხოება.
- ჯამში, დღეიდან აეროპორტს ექვსი სამიმოსვლო/სამანევრო ბილიკი აქვს.
სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ“ და აეროპორტის მმართველმა კომპანიამ „ტავ ჯორჯიამ“ უზრუნველყვეს. პროექტი მოიცავდა მაღალი სიმტკიცის ხელოვნური საფარის მოწყობას 26 000 კვ.მ ფართობზე. პროექტში TAV Georgia-მ $2,5 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. ახალი სამიმოსვლო ბილიკის ვიზუალური სანავიგაციო საშუალებით აღჭურვაში „საქაერონავიგაციამ“ 3, 755 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
სამიმოსვლო ბილიკის შუქ-სასიგნალო სისტემის გაფართოების პროექტი ფრანგულმა კომპანიამ „ADPI” შეასრულა. ახალი, თანამედროვე სისტემის ნაწილების მოწოდება და სამონტაჟო სამუშაოები იტალიური კომპანია „OCEM”-მა განახორციელა. ახალ სამიმოსვლო ბილიკ „G“- გოლფზე დამონტაჟდა თანამედროვე LED ტიპის ახალი ტექნოლოგიის იტალიური წარმოების სანათები. ქალაქ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკ „GOLF” შუქტექნიკური სისტემა სრულ შესაბამისობაშია ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) საერთაშორისო სტანდარტებთან და აკმაყოფილებს ადგილობრივ და საერთაშორისო მოთხოვნებს.