გარი კასპაროვი: პუტინს მოკავშირეები აღარ დარჩა

რუსეთი სრულ იზოლაციაშია და ეს მისი ხელმძღვანელობის შეცდომაა, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სწრაფად აიღებდნენ კიევს, დასვამდნენ თავიანთ მარიონეტს, მიიჩნევს ცნობილი მოჭადრაკე და რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გარი კასპაროვი. რუსმა ოპოზიციონერმა ხსენებულ თემაზე „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა. კასპაროვი თვლის, რომ პუტინს მოკავშირეები აღარ დარჩა. 

„ძალიან გასაკვირია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, ისინი უცნაურად იქცევიან, რა თქმა უნდა, მათ ეშინიათ, რომ პუტინი შესაძლოა, თავს დაესხას საქართველოს, თუმცა მას არ აქვს რესურსები იმისთვის, რომ ახალი ფრონტი გახსნას, იქნება ეს საქართველოში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში“, ამბობს კასპაროვი და აქედან გამომდინარე თვლის, რომ უსაფუძვლოა შეფასება, პრინციპულმა პოზიციამ ახალი აგრესია გამოიწვიოს. 

„თუ გავითვალისწინებთ იმ როლს, რომელსაც უკრაინა ყოველთვის თამაშობდა და ხელს უწყობდა საქართველოს, პუტინის აგრესიასთნ ბრძოლაში, ახლა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია სულ მცირე ამორალურია“... „შეიძლება, კულისებს მიღმა რაღაც შეთანხმებაზეა საუბარი, რადგან პუტინის ოლიგარქები ძალიან ინტენსიურად ეძებენ მოკავშირეებს... ნებისმიერი, ვინც ხელს უწყობს პუტინს სანქციების თავის არიდებაში, დასავლური მთავრობების ყურადღების ქვეშ უნდა იყოს და თუ დადასტურდა, რომ საქართველოს ოფიციალური პირები ან ბიძინა ივანიშვილი თანამშრომლობენ რუს ოლიგარქებთან, მათ მიმართ სანქციები უნდა დაწესდეს“, - განაცხადა გარი კასპაროვმა და დაამატა, რომ დასავლეთმა უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა სანქციებისთვის თავის არიდების ყველა არხი დაუყოვნებლივ დაიხუროს.

კასპაროვი ომში უკრაინის გამარჯვებას თვლის პუტინის გარემოცვაში გარკვეული ძვრების და „სასახლის გადატრიალების“ წინაპირობად.

„ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები ან ემიგრაციაში არიან როგორც მე, ან ნავალნის მსგავსად - ციხეში, ან -  ნემცოვის მსგავსად მოკლული. მე იმედს არ დავამყარებდი „სასახლის გადატრიალებაზე“ უახლოეს დღეებში ან კვირებში... ეს ჩვეულებრივ, დიქტატურის სისუსტის შედეგია, ამისათვის მან ომი უნდა წააგოს, უკრაინის გამარჯვება იქნება ამის წინაპირობა. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ სანქციებთან ერთად, რომლებიც პუტინს მატერიალურ რესურსებს აცლის ომის და თავისი დიქტატორული რეჟიმის გაგრძელებისათვის. ყველაფერი ეს მიგვიყვანს პოტენციურ სოციალურ-ეკონომიკურ აფეთქებამდე“, - განაცხადა კასპაროვმა და დაამატა, რომ ასეთი სიტუაციიდან გამომდინარე ელის პუტინის გარემოცვაში გარკვეულ ძვრებს. 

„ისტორიიდან გამომდინარე ვიცით, რომ ასეთ სიტუაციაში უახლოესი გარემოცვაც კი ეძებს ხოლმე გამოსავალს, განტევების ვაცს და ხშირად, ეს თვითონ დიქტატორი არის ხოლმე“, -აღნიშნავს გარი კასპაროვი. 

ამავე ინტერვიუში, კასპაროვი გამოთქვამს ეჭვს და შეშფოთებას, რომ საქართველო, ქვეყანაში შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა, შესაძლოა, სანქციების გვერდის ავლის მიზნით გამოიყენონ. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება თავისებურად ეპყრობა რუსეთის მოქალაქეების მიღების საკითხს და ცდილობს, არ მიიღოს ის მოქალაქეები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პუტინის რეჟიმს.

„ჩემი აზრით, თუ ადამიანები საქართველოში ჩამოდიან და ცდილობენ, რომ აქ დაფუძდნენ, მე მაინც მოვითხოვდი წერილობით განცხადებას, რომ ისინი უარყოფითად აფასებენ და გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში. აი, როდესაც მე მეკითხებიან რუსეთის სპორტსმენების ან მათი მონაწილეობის შესახებ უიმბლდონში ან სხვა ტურნირებში, მე ყოველთვის ვამბობ, საჯარო განაცხადისა და ქაღალდის ხელმოწერის შესახებ, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი აღიარებენ პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმის არსებობას და ასევე, რუსეთის სამხედრო დანაშაულს უკრაინაში. [თუ ამას არ გააკეთებენ] შეუძლებელია, მათი დაშვება ამ ტურნირებზე. საქართველოს ხელისუფლების ადგილზე პუტინის მიმართ არალოიალობის და უკრაინის მიმართ ლოიალობის ტესტს შემოვიღებდი“, - აღნიშნა კასპაროვმა.