საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ახალი ტიპის „ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის“ შექმნის მომხრეა, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის მიღმა მყოფ ქვეყნებს, მათ შორის უკრაინასა და ბრიტანეთს, შეუერთდნენ „ძირითად ევროპულ ღირებულებებს“. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ორშაბათს, ევროპარლამენტში, ევროპის მომავლის შესახებ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
Reuters-ის ცნობით, მაკრონი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას პარალელური ერთეული ქვეყნებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან ბლოკში გაწევრიანებისკენ, ან მათთვის, ვინც დატოვა ევროკავშირი, სავარაუდოდ, იგულისხმება ბრიტანეთი.
მისი თქმით, ეს „ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა“ ღია იქნება დემოკრატიული ევროპული ქვეყნებისთვის, დაიცვან მისი ძირითადი ღირებულებები ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკური თანამშრომლობა, უსაფრთხოება, თანამშრომლობა ენერგეტიკაში, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები და სხვა.
მაკრონის თქმით, ამ გაერთიანებაში გაწევრიანება სულაც არ გამოიწვევს ევროკავშირის მომავალ წევრობას და არც დახურული იქნება მათთვის, ვინც დატოვა გაერთიანება.
„უკრაინა თავისი ბრძოლითა და გამბედაობით უკვე არის ევროპის, ჩვენი ოჯახის, ჩვენი კავშირის გულწრფელი წევრი“. მაშინაც კი, თუ ხვალ მას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირში მის გაწევრიანებას რამდენიმე წელი, ალბათ, ათწლეულებიც დასჭირდება, “, - განაცხადა მაკრონმა.
ამავე გამოსვლაში, მაკრონმა განაცხადა, რომ კიევმა მოსკოვთან მოლაპარაკების პირობები თავად უნდა განსაზღვროს.