ხერსონის ოლქის „სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის“ [საოკუპაციო რეჟიმის მიერ დანიშნული ხელისუფლება] უფროსის მოადგილემ, კირილ სტრემოუსოვმა სიმფეროპოლში, 11 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხერსონის რეგიონი ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების თხოვნით მიმართავს.
„ქალაქი ხერსონი - ეს რუსეთია. არავითარი ხერსონის დამოუკიდებელი რესპუბლიკა ამ ტერიტორიაზე არ შეიქმნება. არც რეფერენდუმი გაიმართება. ეს იქნება განკარგულება ხერსონის ოლქის ხელმძღვანელობის მიმართვის საფუძველზე რუსეთის პრეზიდენტისადმი და იქნება თხოვნა, რომ ოლქი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდეს სრულფასოვან რეგიონად“, - განაცხადა კირილ სტრემოუსოვმა.
უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქი ხერსონი რუსეთის სამხედრო ძალებმა 2022 წლის მარტში დაიკავეს. ოკუპაციის წინააღმდეგ ხერსონელების არაერთი საპროტესტო აქცია რუსმა სამხედროებმა ძალით დაშალეს. ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპაციის გამო, ხერსონი დატოვა ქალაქის მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა.
შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა.