საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ტეოდორა გენჩოვსკას შეხვდა. მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა, სადაც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო მიმდინარეობს. საგარეო უწყების ცნობით, საუბრის ძირითადი თემა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთება და მასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურები იყო.
„ბულგარეთის მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ თვითშეფასების კითხვარის შევსება და ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს წარმატებული სვლა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განხორციელებული რეფორმები და ამ თვალსაზრისით საქართველოს მოწინავე პოზიცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში. მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს პროგრესი სათანადოდ დაფასდება ევროკავშირის მიერ წევრობის კანდიდატზე გადაწყვეტილების მიღებისას, ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს მისწრაფებების გათვალისწინებაზე, რაც მნიშვნელოვანია აღნიშნული ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე.
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს დიპლომატიური ურთიერთობის საიუბილეო თარიღს - კერძოდ 30 წელს და აღნიშნეს ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების და ყველა ძირითად სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მზაობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ მიმართულებასა და საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც შავი ზღვის ქვეყნების პოტენციალის გათვალისწინებით ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სატრანზიტო მარშრუტების განვითარების მიმართულებით.
მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის ტრადიციულად მეგობრულ ხალხთაშორის კონტაქტებსა და ტურიზმის სექტორის გააქტიურებით ხალხთაშორისი მეგობრობის კიდევ უფრო ხელშეწყობას“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილი სოფიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.