რუსეთმა, თავის მოქალაქეებს ზემო ლარსიდან საქართველოში ავტომობილით შესვლაზე შეზღუდვა მოუხსნა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, რუსეთი ზემო ლარსის გავლით საქართველოში მოგზაურობის შეზღუდვებს ხსნის.

რუსული მედიის ცნობით, მიშუსტინის განკარგულებით ასევე გაუქმდა დონბასის „სახალხო რესპუბლიკებში" გასამგზავრებლად საავტომობილო და სხვა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული კოვიდსაწინააღმდეგო რეგულაციები. ინფორმაცია 17 მაისს ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

კერძოდ, ცვლილებები შევიდა 2020 წლის 27 მარტის განკარგულებაში, რომელიც დროებით ზღუდავდა საავტომობილო, სარკინიგზო, საფეხმავლო, მდინარის და შერეული გამშვები პუნქტებით რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.

აქამდე ავტომანქანით სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები არ ვრცელდებოდა ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, ასევე, მონღოლეთის, ყაზახეთის და ჩინეთის მიმართულებებით.