ირაკლი ღარიბაშვილი: 6 წელი გავიდა გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან, მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან

6 წელი გავიდა საოკუპაციო ხაზთან ქართველი პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან. მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ და დიპლომატიურ ინსტრუმენტს იმისათვის, რომ დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

6 წელი გავიდა საოკუპაციო ხაზთან ქართველი პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან. მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ და დიპლომატიურ ინსტრუმენტს იმისათვის, რომ დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი. ჩვენ არასდროს შევეგუებით დანაშაულებრივ ოკუპაციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთისგან ყოფს და ყველაფერს გავაკეთებთ მის მშვიდობიანად დასასრულებლად,”- ვკითხულობთ განცხადებაში.


ცნობისთვის, 2016 წლის 19 მაისს, გიგა ოთხოზორიამ მისი მართვის ქვეშ მყოფი "ოპელ-ასტრას" მოდელის ავტომანქანით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან ნაცნობები - ლ.ა. და რ.ქ.  მიიყვანა, რომლებსაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე სურდათ გადაეტანათ საკვები პროდუქტი.

გიგა ოთხოზორია გადავიდა ავტომანქანიდან და მდინარე ხაიაზე არსებული ხიდის გავლით გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით, სადაც სურდა მოლაპარაკებოდა იქ მყოფ პირებს, რომლებსაც საზიდარით უნდა გადაეტანათ პროდუქტი. მათ საუბარში ჩაერთვნენ ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლები, მათ შორის ე.წ. „მესაზღვრე“ რაშიდ კანჯიოღლი.  საუბარი გადაიზარდა შელაპარაკებაში. კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გიგა ოთხოზორია გამობრუნდა და გაემართა საქართველოს კონტროლირებად, ზუგდიდის რაიონის, სოფელ ხურჩას მიმართულებით. მას მუქარით დაედევნენ ე.წ. „მესაზღვრეები“, მათ შორის რაშიდ კანჯიოღლი, რომელიც შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ  რაშიდ კანჯიოღლი დაეწია გიგა ოთხოზორიას და ცეცხლსასროლი იარაღიდან განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში.

მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია ძირს დაეცა, რა დროსაც  განზრახვის  სისრულეში მოყვანის მიზნით რაშიდ კანჯიოღლიმ მას თავის არეში საკონტროლო გასროლით მიაყენა დაზიანება, რის შემდეგაც თანმხლებ პირებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.