6 წლის წინ, გიგა ოთხოზორიას შემზარავმა მკვლელობამ, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკე და დამნაშავეობრივი სახე, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.
თეა ახვლედიანი დღეს გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
„6 წლის წინ, გიგა ოთხოზორიას შემზარავმა მკვლელობამ, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკე და დამნაშავეობრივი სახე. დღეს პატივს მივაგებთ გიგა ოთხოზორიას ხსოვნას და კიდევ ერთხელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს, რომელიც უმძიმეს განსაცდელშია ახალგაზრდა ვაჟკაცის უსამართლოდ შეწყვეტილი სიცოცხლის გამო, რაც მთელი ქვეყნის ტკივილი და ტრაგედიაა. ჩვენ მთელი შემართებით, მთელი ენერგიით განვაგრძობთ მუშაობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენებით, ჩვენ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით მანამ, სანამ აღსრულდება სამართალი, სანამ დაისჯებიან მკვლელები, სანამ დასრულდება ოკუპაცია და გაერთიანდება ომით ხელოვნურად გაყოფილი ჩვენი საზოგადოება, რის გამოც დაიღვარა ჩვენი გმირების სისხლი“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
ცნობისთვის, 2016 წლის 19 მაისს, გიგა ოთხოზორიამ მისი მართვის ქვეშ მყოფი "ოპელ-ასტრას" მოდელის ავტომანქანით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან ნაცნობები - ლ.ა. და რ.ქ. მიიყვანა, რომლებსაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე სურდათ გადაეტანათ საკვები პროდუქტი.
გიგა ოთხოზორია გადავიდა ავტომანქანიდან და მდინარე ხაიაზე არსებული ხიდის გავლით გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით, სადაც სურდა მოლაპარაკებოდა იქ მყოფ პირებს, რომლებსაც საზიდარით უნდა გადაეტანათ პროდუქტი. მათ საუბარში ჩაერთვნენ ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლები, მათ შორის ე.წ. „მესაზღვრე“ რაშიდ კანჯიოღლი. საუბარი გადაიზარდა შელაპარაკებაში. კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გიგა ოთხოზორია გამობრუნდა და გაემართა საქართველოს კონტროლირებად, ზუგდიდის რაიონის, სოფელ ხურჩას მიმართულებით. მას მუქარით დაედევნენ ე.წ. „მესაზღვრეები“, მათ შორის რაშიდ კანჯიოღლი, რომელიც შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ რაშიდ კანჯიოღლი დაეწია გიგა ოთხოზორიას და ცეცხლსასროლი იარაღიდან განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში.
მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია ძირს დაეცა, რა დროსაც განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით რაშიდ კანჯიოღლიმ მას თავის არეში საკონტროლო გასროლით მიაყენა დაზიანება, რის შემდეგაც თანმხლებ პირებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ასევე წაიკითხეთ: