ვატიკანი მზადაა უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებებში დაეხმაროს, თუკი ორივე მხრიდან იქნება მოწვევა. ამის შესახებ წმინდა საყდრის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, მთავარეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაგერმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ნებისმიერი საშუამავლო საქმიანობა მოითხოვს ორი მხრიდან მოწვევას. თუკი წმინდა საყდარი მიიღებს უკრაინის და რუსეთის მხრიდან მოწვევებს, რათა ნებისმიერი შესაძლო საშუალებით ხელი შევუწყოთ მოლაპარაკებათა პროცესს, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებოდით და ყოველმხრივ შევეცდებოდით ამ პროცესისთვის დახმარებას“, - განაცხადა ვატიკანის წარმომადგენელმა.
- რომის პაპი უკრაინული ბატალიონის, აზოვის მებრძოლების ცოლებს შეხვდა
- რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელ დმიტრო კულებას შეფასებით, ახლა ის დროა, როდესაც უკრაინაში უნდა შედგეს რომის პაპის ვიზიტი, რომელსაც მილიონობით ადამიანი ელოდება.
„მე გადავეცი მთავარეპისკოპოსს იმედი მილიონობით უკრაინელის იმის შესახებ, რომ პონტიფიკოსი ვიზიტით ჩამოვიდეს უკრაინაში. ის გახდება სიმბოლო მხარდაჭერისა და სულიერი ზრუნვისა ყველაზე მძიმე პერიოდში არა მხოლოდ კათოლიკეებისთვის, არამედ მთლიანად უკრაინელი ხალხისთვის. ეს არის სწორედ ის მომენტი, როდესაც მწყემსმთავარი უნდა იყოს თავის სამწყსოსთან“, - განაცხადა კულებამ.