საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქში დანიშნული „მერი“ აფეთქების შემდეგ რეანიმაციაშია - BBC

კრემლის მიერ დანიშნული ოკუპირებული უკრაინული ქალაქის „ხელმძღვანელი“ ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა. ანდრეი შევჩიკი აფეთქების შემდეგ რეანიმაციაშია, იტყობინება სხვადასხვა წყარო უკრაინის სამხრეთ ქალაქ ენერჰოდარში სასწრაფო დახმარებაზე დაყრდნობით.
 
„ჩვენ გვაქვს ზუსტი დადასტურებული ინფორმაცია, რომ აფეთქების დროს დაშავდნენ თვითგამოცხადებული „სახალხო ადმინისტრაციის“ უფროსი შევჩიკი და მისი დაცვა“, - წერს დმიტრო ორლოვი, რომელსაც უკრაინა ქალაქის ლეგიტიმურ მერად აღიარებს.
 
მისი თქმით, შევჩიკი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთ ადგილობრივ ანგარიშში ნათქვამია, რომ აფეთქება შევჩიკის რეზიდენციის ვერანდასთან მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება ან იყო თუ არა ეს განზრახ ქმედება.