საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის 78-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
როგორც სიტრყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა განაცხადა, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ჩართულია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან ინტენსიურ თანამშრომლობაში ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის ახალი პროექტების განვითარებისათვის.
მისივე თქმით, ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ახალი ისტორიული მიღწევის ფონზე, საქართველო ცდილობს, განავითაროს კავშირები აზიის ეკონომიკებთან, განსაკუთრებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებითა და გაზრდილი თანამშრომლობით.
„ქალბატონო აღმასრულებელო მდივანო, პატივცემულო საზოგადოება, დიდი პატივია, მოგმართოთ გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის 78-ე სესიის მონაწილეებს და მოგილოცოთ კომისიის დაარსების 75-ე წლისთავი. ვიღებთ რა მხედველობაში წლების განმავლობაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, ახლა საჭიროა, იმ ახალი და სერიოზული გამოწვევების გადაჭრა, რომლებიც რეგიონსა და მსოფლიოში იჩენენენ თავს. გლობალიზებულ სამყაროში, გამოწვევები უფრო გლობალური გახდა. პირველ რიგში, კოვიდ პანდემიითა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა კატასტროფებმა გამოავლინა ჩვენი საზოგადოებების დაუცველობა და გამოსცადა მათი გამძლეობა. ახლა, როდესაც პანდემიიდან გამოსვლა ხდება, ახალმა გლობალურმა კრიზისმა იფეთქა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ შედეგად ადამიანური და ჰუმანიტარული ტრაგედია მოიტანა – ათასობით დაკარგული სიცოცხლე, ურბანული ცენტრებისა და ეკონომიკის მსხვილი სეგმენტის განადგურება, მილიონობით მოსახლეობის გადაადგილება.
ამავდროულად, უკრაინის ფარგლებს სცილდება ნეგატიური ეფექტები და შეფერხებები, რომლებიც გავლენას ახდენენ გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის ბევრი წევრის ზრდაზე; საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, კერძოდ, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ან საზღვრების ხელშეუხებლობის უგულებელყოფა, არ შეიძლება პირდაპირ არ ეწინააღმდეგებოდეს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის მიღწევებს. ენერგეტიკული და სახმელეთო ინფრასტრუქტურა, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ხიდის როლს ასრულებდა, ნაწილებად იშლება. საგულისხმოა ასევე, სასურსათო და სხვა მიწოდების ჯაჭვების შეფერხების შედეგები. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს სიღარიბისა და უთანასწორობის ზრდას გამოიწვევს და საფუძველს გამოაცლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. ეს მხოლოდ ხაზს უსვამს გადამწყვეტი მოქმედებების აუცილებლობას, ომის რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად. ომი ასევე ხაზს უსვამს ალტერნატიული სატრანსპორტო სისტემების სწრაფი განვითარების აუცილებლობას, ევროპასა და აზიას შორის მიწოდების ჯაჭვების შესანარჩუნებლად. მიუხედავად მის სამეზობლოში არსებული გამოწვევებისა, საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ძველ აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყანა, ჩართულია ინტენსიურ თანამშრომლობაში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის ახალი პროექტების განვითარებისათვის. გეოპოლიტიკური კონტექსტი კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს, როგორც კარიბჭეს აზიისაკენ და როგორც არსებით სატრანზიტო-ლოგისტიკურ ჰაბს, არსებით რგოლს შუა დერეფანში არხის გავლით საქონლის გადაადგილებისთვის, რომელიც შავ ზღვას, კავკასიას და ევრაზიის კონტინენტს აკავშირებს.
ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ახალი ისტორიული მიღწევის ფონზე, საქართველო ცდილობს, განავითაროს თავისი კავშირები აზიის ეკონომიკებთან, განსაკუთრებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებითა და გაზრდილი თანამშრომლობით. ამ რთულ პერიოდში, გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის როლი კიდევ უფრო გადამწყვეტია მდგრადი განვითარების მიზნებისათვის წინსვლის, ახალი გამოწვევების გადაჭრისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ურთიერთმოქმედებისა და თანამშრომლობის გააქტიურებაში. პროდუქტიულ და წარმატებულ სესიას გისურვებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.