სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობა შესაძლოა, სამსახურებრივ სტაჟად ჩაეთვალოთ

სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობა სამსახურებრივ სტაჟად ჩაითველებათ. შესაბამისი ცვლილებები ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებებით, სტაჟიორს უფლება ექნება, ერთსა და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ორჯერ. პროექტით კონკრეტდება, რომ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა სტაჟირებისა და სტაჟიორის ცნებას არ ცნობს, რაც გამოწვევას წარმოადგენს, რადგან საჯარო სამსახურებში სტაჟიორები დღესაც არიან დასაქმებული, მაგრამ მათ აღნიშნული სამსახური არ ეთვლებათ სამსახურებრივ სტაჟში და მონაწილეობას ვერ ღებულობენ პირველი, მეორე და მესამე რანგის მოხელის თანამდებობაზე გამოცხადებულ დახურულ კონკურსში.

ფრაქციას მიაჩნია, რომ საჯარო სამსახურის სისტემის გაძლიერებისა და განვითარებისთვის, საჭიროა, საჯარო სამსახურში დასაქმების საშუალება მიეცეთ ახალგაზრდა, მოტივირებულ და ენერგიულ კადრებს.

ამასთან, კანონპროექტში განმარტებულია, რომ პირის ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ ექვს და არაუმეტეს 12 თვის ვადით, რაც პირს არ უშლის ხელს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გახდეს სტაჟიორი სხვა საჯარო დაწესებულებაში.