კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ გაქცეულ ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს რუსეთის სასარგებლოდ „ხარკოვის ხელშეკრულებების“ ხელმოწერის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება შეურჩია და დაკავების ნებართვა გასცა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს.
გამოძიების თანახმად, იანუკოვიჩმა დახმარება გაუწია უცხო სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციას და მის წარმომადგენლებს უკრაინის წინააღმდეგ დივერსიული მოქმედებების განხორციელებაში.
„მსგავსი ქმედებების შედეგად ხელოვნურად შეიქმნა წინაპირობები უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ჯარების რაოდენობის გაზრდის, მათი გადაიარაღებისა და მოდერნიზაციისთვის და მომავალში - რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების შეჭრაზე და მათ მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაცია“, - აღნიშნავს გენერალური პროკურატურა.
- „ხარკოვის შეთანხმებები“ - რაც ცნობილია
2010 წლის 21 აპრილს ხარკოვში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა და მაშინდელმა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ვადა სევასტოპოლში 2017 წლიდან 2042 წლამდე გაგრძელდა 5 წლით გახანგრძლივების უფლებით „იაფი“ გაზის სანაცვლოდ.
2021 წლის 28 იანვარს იანუკოვიჩს აცნობეს, რომ ეჭვმიტანილი იყო სახელმწიფო ღალატში 2010 წელს ხარკოვის ხელშეკრულებების ხელმოწერასთან დაკავშირებით.
გამომძიებლების თქმით, ხელშეკრულებების ხელმოწერით მან ხელოვნურად შექმნა პირობები უკრაინაში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაზრდისა და სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის შელახვისთვის. უკრაინული გამოძიების თანახმად, დოკუმენტების ხელმოწერამდე უკრაინისთვის გაზის ფასი ორჯერ იყო ხელოვნურად გაბერილი რუსეთის მიერ: 2008 წლის ბოლოსთვის 1000 კუბურ მეტრზე გაზის ფასი უკრაინაში $179,5 იყო, ხოლო 2010 წლის ბოლოს $352.33.
გამოძიების თანახმად, რუსეთმა ჯერ ხელოვნურად შექმნა და დააგროვა უკრაინის ვალი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის, შემდეგ კი მისი დაფარვის მიზნით, ფაქტობრივად განალაგა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტი უკრაინის ტერიტორიაზე.
ექს-პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი „ხარკოვის ხელშეკრულებების“ შედეგად, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარების და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა მათი შემცირებისა და გაყვანისთვის მომზადების ნაცვლად გაიზარდა.
2021 წლის 11 მარტს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაავალა SBU-ს გამოეკვლია 2010 წელს „ხარკოვის შეთანხმებების“ კენჭისყრის გარემოებები უმაღლეს რადაში.
12 მარტს SBU-მ დაიწყო სისხლის სამართლის საქმე ხარკოვის ხელშეკრულებების ხელმოწერის ფაქტზე. 2021 წლის 24 მარტს სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილად იანუკოვიჩის დროინდელი პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი გამოცხადდა.