პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნათია თურნავას კანდიდატურა წარუდგინა.
თურნავას კანდიდატურის წარდგენის საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი და ის განსახილველად დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს გადაეცა.
ეროვნული ბანკის შესახებ კანონის თანახმად, საბჭო 9 წევრისგან უნდა შედგებოდეს. ახლა მასში 7 წევრი შედის.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს.
ნათია თურნავა 2019 წლიდან 2021 წლის თებერვლამდე ეკონომიკის მინისტრი იყო. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. სწავლების სხვადასხვა კურსი გავლილი აქვს აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის, კ. კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ეგიდით, მოგვიანებით კი გაერთიანებული სამეფოს კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა დაასრულა და ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი მიენიჭა.