მსოფლიო პატრიარქი რუსეთის პატრიარქ კირილზე: ველოდებოდი, „მსხვერპლს“ გაიღებდა და პუტინს ეტყოდა: უნდა გადავდგე

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსის შეფასებით, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერით, მართლმადიდებელ ქრისტიანებს იმედები გაუცრუა. ამასთან დაკავშირებით, მსოფლიო პატრიარქმა ბერძნულ ტელეარხთან ინტერვიუში ისაუბრა. 

მსოფლიო პატრიარქის თქმით, ის ელოდა, რომ პატრიარქი კირილი გაუძლებდა ამ გადამწყვეტ და ისტორიულ მომენტს.

„ყველა ეკლესიისთვის შეუძლებელი იყო, არ დაეგმოთ ძალადობა და ომი უკრაინაში, რუსეთის ეკლესიამ კი, იმედები გაგვიცრუა. არ მსურს, რუსეთის ეკლესია და პატრიარქი კირილი იყვნენ ეს გამონაკლისები. არ ვიცი, როგორ შეუძლია, მას გაიმართლოს თავი სინდისის წინაშე. ველოდებოდი, რომ ძმა კირილი ადგებოდა ამ კრიტიკულ ვითარებაში და თუ საჭირო იქნებოდა, მსხვერპლად გაიღებდა თავის ტახტს და პუტინს ეტყოდა: „ბატონო პრეზიდენტო, არ შემიძლია, თქვენ დაგეთანხმოთ და უნდა გადავდგე“ , - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.