ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ბლინკენის მილოცვა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.

ქართველ ხალხს სიღრმისეულად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ღირებულება. მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მუდმივი ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა მტკიცე გადაწყვეტილება, იღწვოდეს ევროატლანტიკური მომავლისთვის. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 30 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების, წინსვლის, მისი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და მომავლის კეთილდღეობის ასაშენებლად. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს გვერდიგვერდ გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების მხარდასაჭერად.

ამ საზეიმო დღეს ყველგან ქართველებისთვის, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების განგრძობით ერთგულებას საქართველოსთან პარტნიორობაში მის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - წერია განცხადებაში.


დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.