უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი ქართველ კოლეგას -  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.  რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის წევრებს უკრაინის მხარდაჭერისა და ვიზიტისას გამოვლენილი სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.

„უკრაინის უმაღლესი რადასა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს.

დიდ მადლობას ვუხდი ქართველ პარლამენტარებს უკრაინის მეგობრული მხარდაჭერისთვის მისი თანამედროვე ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში. ასევე, დიდად ვაფასებ თქვენი ვიზიტის დროს გამოვლენილ სოლიდარობას უკრაინელ ხალხთან, რომელიც ცდილობს, აღადგინოს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე. ძალიან გამიხარდა, რომ მომეცა შესაძლებლობა, თქვენთან ერთად განმეხილა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთმომგებიანი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას და ჩვენს წინსვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. გისურვებთ, ბატონო თავმჯდომარევ, წარმატებებს საპასუხისმგებლო საქმიანობაში, ხოლო თქვენს თანამემამულეებს -სტაბილურობას და კეთილდღეობას“,- ნათქვამია უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მისალოც წერილში.


დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.