თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც ახლა, მომავალშიც შეიტანენ თავის წვლილს რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების საქმეში.
„თურქი ხალხისა და ჩემი სახელით მინდა, მივულოცო თქვენს აღმატებულებასა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
გულითადად მწამს, რომ ორი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყანა: თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც ახლა, მომავალშიც შეიტანენ თავის წვლილს ჩვენი რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების საქმეში.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პირადად თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – კეთილდღეობა და აღორძინება“, – აღნიშნავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.
დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.