შვეიცარიის საელჩო: წელს დავიწყეთ ახალი ოთხწლიანი თანამშრომლობის პროგრამა, რაც საქართველოს მიმართ შვეიცარიის უწყვეტი მხარდაჭერის დასტურია

30 წელია, შვეიცარია და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით, - საქართველოში შვეიცარიის საელჩო ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, თქვენი მეგობრობისა და სიკეთის მადლიერი ვართ და გისურვებთ მშვიდობას, წარმატებასა და კეთილდღეობას. წელს ჩვენ აღვნიშნავთ შვეიცარიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. 30 წელია, შვეიცარია და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით. შვეიცარიას წვლილი შეაქვს მშვიდობის დამყარებაში. წელს დავიწყეთ ახალი ოთხწლიანი თანამშრომლობის პროგრამა, რაც შვეიცარიის მხრიდან საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერის დასტურია“, – ნათქვამია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში.


დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.


ასევე წაიკითხეთ: