ჩვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების და ახალი გამოწვევების დრო დადგა, ეს ჩვენგან ითხოვს გარკვეულ პასუხებს, მზადყოფნას, შორსმჭვრეტელობას, მომავლის ჭვრეტას გამბედაობას სიფრთხილესთან ერთად, ამას იმდენჯერ ვიტყვი, რამდენჯერაც საქმეს და ერთიანობას დასჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებით გილოცავთ თქვენ, ვინც დღეს სამშობლოს წინაშე ფიცს დებთ. საქართველოს სამხედროებს ახასიათებდათ ბრძოლის უნარი, პასუხისმგებლობა, თავგანწირვა და ფიცისადმი ერთგულება. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგმართოთ, რომ ეროვნული თანხმობა ამ მიმართულებით ცარიელი სიტყვად არ დარჩეს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ისტორიული შეგნების ამსახველი იყოს. ეს შანსი დღეს არსებობს! დღეს თქვენ ამგვარი ღირსეული სამხედრო ისტორიის ნაწილი გახდით და ტრადიციას ღირსეულად გააგრძელებთ. თქვენ იცით და კარგად აცნობიერებთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა ადვილი საქმე არაა და მოითხოვს ღირსებასა და თავდადებას. 26 მაისს ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება. ამგვარად, ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ თქვა უარი სხვა ქვეყნის ნაწილად ყოფნაზე, მონობაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც
- ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში
- ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს