რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპულ უსაფრთხოებას. ამ კონტექსტში, საქართველოს მედეგობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია კი გადამწყვეტი - ჩეხეთის პრემიერი

ჩეხეთი გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრიპეტრ ფიალას მისალოც წერილშია აღნიშნული, უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო აგრესიით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამ კონტექსტში, საქართველოს სტაბილურობა და მედეგობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - გადამწყვეტი.

„გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა თქვენი ქვეყნის დღესასწაულთან - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან - დაკავშირებით. მსურს გარწმუნოთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ამ გზაზე საქართველოს გვერდით დგომას. გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.