ჯუანშერ ბურჭულაძე: ამაყი ვარ, რომ ქართული ჯარი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში, ისინი ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოსა და თავისუფლებას

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის ჩვენი ერის ერთიანობის და სიამაყის დღესასწაული. ეს დღე გამოხატავს ჩვენი ხალხის გმირულ წარსულს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, დღევანდელი დღე ახსენებთ პასუხისმგებლობას, დაიცვან სამშობლო, მისი დამოუკიდებლობა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ სამშობლოს და მის თავისუფლებას.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის ჩვენი ერის ერთიანობის და სიამაყის დღესასწაული, ეს დღე გამოხატავს ჩვენი ხალხის გმირულ წარსულს, მის ისტორიას, დიდ კულტურას და იმ ღირებულებების ერთგულებას, რასაც ჩვენი მომავალი განვითარება ეფუძნება. დღევანდელი დღე ამასთანავე გვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, დავიცვათ სამშობლო, მისი დამოუკიდებლობა და ვიბრძოლოთ მისი წარმატებული მომავლისთვის. ამიტომ დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა პროფესიის, მრწამსისა და შეხედულების ადამიანს, რომლებიც ყოველდღიურად თავისი შრომით აძლიერებენ საქართველოს და ქმნიან მის ევროპულ მომავალს. გზა ევროპისკენ ყოველთვის იყო ქართველთა საუკუნოვანი ოცნება, რადგან ჩვენი კულტურა თავისი არსით იყო ევროპული ფესვებიდან აღმოცენებული და მასზე გაზრდილი. ჩვენი ხალხის ნება ურყევი და მტკიცეა, ჩვენი ხალხი ვერასოდეს დაუპირისპირდება თავის ევროპულ იდენტობას. გზა ევროპისკენ არის მისი ღირებულებითი არჩევანი. ამაყი ვარ, რომ ქართული ჯარი თავისი პროფესიონალიზმით, სიმამაცითა და სამშობლოს სიყვარულით სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოს და მის თავისუფლებას“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მიულოცა ჯარისკაცებს და ვეტერანებს.

„მინდა, ჩვენ ჯარისკაცებს და ვეტერანებს განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე. დამოუკიდებლობა ჩვენი გმირი მეომრების თავგანწირვაზე დგას, ქედს ვიხრი ყველა მათგანის ხსოვნის წინაშე, მათი თავდადების წინაშე, ვინც გმირულად დაიღუპა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლაში. მინდა, დღევანდელი დღე ასევე მივულოცო ჩვენი საზოგადოებისა და ჯარის მნიშვნელოვან, გამორჩეულ ნაწილს, ჩვენს დაჭრილ, დაშავებულ სამხედროებს, რომლებიც დღესაც ერთგულად და თავდადებულად აგრძელებენ ქვეყნის სამსახურს. მინდა, მივესალმო და დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს რეკრუტებს, რომლებმაც დადეს ფიცი და შეუერთდნენ თავდაცვის ძალებს. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ღირსეულად ატარებთ ქართული ჯარის ფორმას და გააგრძელებთ ჩვენი წინაპრების მხედრულ ტრადიციებს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.


ასევე წაიკითხეთ: