„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არ აქვს, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს.
კობახიძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირს საქართველოზე არ ეხარჯება არცერთი ევროთი მეტი. როგორც მოგეხსენებათ, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს საქართველოსთვის არავითარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის ვალდებულებას არ აკისრებს.
„ასევე, ევროკავშირი არ იღებს არავითარ ვალდებულებას, კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში სტატუსის მინიჭებიდან რაიმე კონკრეტულ ვადაში გააწევრიანოს. როგორც მოგეხსენებათ, თურქეთს 23 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ევროკავშირში მისი გაწევრიანების საკითხი ამ ეტაპზე საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. ჩრდილოეთ მაკედონიას 17 წლის წინ, მონტენეგროს 12 წლის წინ, სერბეთს 10 წლის წინ, ხოლო ალბანეთს - 8 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამასთან, გაწევრიანებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები მათგან დღეს მხოლოდ სერბეთთან და მონტენეგროსთან წარმოებს. რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებით საჯაროდ განაცხადა, რომ ევროკავშირში მის გაწევრიანებას 10-15 წელი მაინც დასჭირდება.
იმ პირობებში, როდესაც კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს არც დაფინანსების და არც გაწევრიანების კუთხით არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს, გაუგებარია, რატომ უნდა უთხრას მან საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს უარი ამ სტატუსზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება გამორჩეულია გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისითაც“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იქნება ორი თვალსაზრისით: პირველი, ამით, ევროკავშირი გამოხატავს სოლიდარობას სამი ქვეყნის მიმართ, რომლის ტერიტორიები რუსული ოკუპაციის ქვეშაა; და მეორე, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირი აცხადებს, რომ არ ეშინია რუსული რეაქციის და პრინციპულ პოზიციას ავლენს სამი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხში.
„რისთვის შეიძლება უღირდეს ევროკავშირს ამის საპირისპირო გზავნილის გაჟღერება, სრულიად გაუგებარია. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ევროკავშირის უარი კანდიდატის სტატუსზე სრულიად ალოგიკური იქნებოდა. ევროკავშირის მხრიდან ეს იქნებოდა ზუსტად ისეთივე ალოგიკური გადაწყვეტილება, როგორიც უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა იყო.
საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობაზე უარი ერთი სახელმწიფოზე გადამტერებული და ეკლესიის მაგინებელი კრიმინალის გამო შეიძლება უთხრას, რომელიც 9-წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და იდეოლოგი იყო, რომელიც ქართული პოლიტიკის პოლარიზაციაში საკვანძო როლს ასრულებს და რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 7 მილიონით გაძარცვა, უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია და ეს ვერსია სერიოზულ განხილვას არ ექვემდებარება.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ უკრაინაში წინა ორ პრეზიდენტზეა აღძრული სისხლის სამართლის საქმე. მოლდოვაში კი, წინა პრეზიდენტზე სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღძრეს, რაც მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი შეიტანა. ამასთან, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი საქმის აღძვრიდან რამდენიმე დღეში დააპატიმრეს კიდეც. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილი და გვარამია ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებში არიან მხილებული თუ ბრალდებული, ვიდრე პეტრო პოროშენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი ან იგორ დოდონი. ამის მიუხედავად, „ომის პარტია“ და მისი უცხოელი ლობისტები, რატომღაც, იმედს არ კარგავენ და აქტიურად იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. საქართველო არის სახელმწიფო და მას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არც არეულობას და არც ომს არ დაუშვებს.
ყველას, ვისაც საპირისპირო მიზნები აქვს, საზოგადოებისა და ხელისუფლების მხრიდან საკადრისი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ.
შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს პრემიერმა 10 მაისს გადასცა.
- ირაკლი ღარიბაშვილი: მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას
- სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი შეტანილი აქვს და ეს უკრაინელების ყოველდღიური ბრძოლის დამსახურებაა
- ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა