„2008 წელს, ბუქარესტში უზარმაზარი გეოპოლიტიკური შეცდომა დაუშვეს, როცა უკრაინასა და საქართველოს MAP-ი არ მისცეს“, - ასე მიმართა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობის დელეგაციის წევრმა, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე.
მისივე თქმით, აშკარაა, რომ ეს მოხდა რუსეთის არასწორი ჩართულობის გამო, პოლიტიკის, რომელსაც NATO-ს ზოგიერთმა წევრმა შეუწყო ხელი.
„ეს იყო პუტინისთვის მოქმედების ნიშანი - კრემლმა ეს გაიგო, როგორც ევროპის კონტინენტის [არაფორმალური] დაყოფა. ახლა, NATO-ში მიწვეული არ არის და უკრაინა ყველა ჩვენგანისთვის იბრძვის. მისი შეიარაღებული ძალები იქნება ერთ-ერთი უძლიერესი, ყველაზე ქმედუნარიანი ევროპულ კონტინენტზე მას შემდეგ, რაც რუსებს უკრაინის ტერიტორიიდან განდევნიან.
ჩემი შეკითხვა ასეთია: როდის მოვა დრო, როცა NATO-ს წევრები მიხვდებიან, რომ ჩვენ, NATO-ს, ისევე გვჭირდება უკრაინა და საქართველო ალიანსში, როგორც მათ ჩვენ? აღიარა თუ არა NATO-მ მადრიდში ახალი სტრატეგიის მიღებამდე თავისი შეცდომები და ის აღარ განმეორდება? ხედავთ თუ არა შესაძლებლობას, რომ რუსული ფაქტორი ამიერიდან აღარ იყოს ნამდვილი მიზეზი უკრაინის, საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის, რომ მათ აგრესიული რუსეთისგან დაცვის გზები ეძიონ“, - მიმართა იუკნევიჩიენემ მირჩა ჯოანას.
თავის მხრივ, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალიანსის მიერ გადადგმულ საპასუხო ნაბიჯებსა და გაკვეთილის მიღების პროცესზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, მყისიერი პასუხი იყო აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერება, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების პირველად მობილიზება, რათა გაგვეაქტიურებინა რეაგირების გეგმები აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნებისთვის, მათ შორის თურქეთისთვის პირველად და ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გაკვეთილების პროცესია და ჩემთვის ეს პროცესი ალბათ მარტივი იქნება: ჩვენ ნამდვილად უნდა დავამტკიცოთ ის ფაქტი, რომ დემოკრატიაში ცხოვრება ბევრად უკეთესია ვიდრე - ავტოკრატიაში.
მეორეც, მტკიცედ მჯერა... როგორც რუმინელმა, ჩემი ცხოვრების ნახევარი კომუნიზმში გავატარე. ზოგიერთი თქვენგანი ცხოვრობდა კომუნიზმში. მე ვერ ვიფიქრებ იმაზე, რომ უარვყო ევროპული სუვერენული ერის უფლება, წარმართონ თავისი ბედი, ოცნებები და მისწრაფებები. ეს ხან უფრო რთულია, ხან - ნაკლებად.
მაგრამ მე ვიცი, რომ ერთ-ერთი გაკვეთილი ვისწავლეთ: უკრაინისადმი არამხოლოდ დღეს გვმართებს მხარდაჭერა. ეს იქნება მუდმივი მხარდაჭერა, არამხოლოდ ომის შემდეგ აღსადგენად, არამედ, იმისთვის, რომ ისინი გახდნენ აყვავებული, დემოკრატიული და ევროპული ერი ამ ტერმინის სრული გაგებით.
ეს არის „გამოფხიზლების ზარი“ ყველა ჩვენგანისთვის და ვიცი, რომ ჩვენ, ყველა ერთად და ინდივიდუალურად, როგორც ლიდერები, მოვახერხეთ ამ დავალების შესრულებას.
უკრაინა ასევე არის ქვეყანა, რომელიც ყველას გვაჩვენებს, თუ რას ნიშნავს სიმამაცე და თავგანწირვა საკუთარი ღირებულებებისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ასე რომ, ვფიქრობ, ეს შთაგონების წყარო იქნება მომავალში ჩვენი გადაწყვეტილებების მიღებისას“, - უპასუხა მირჩა ჯოანამ რასა იუკნევიჩიენეს.