უკრაინა ევროკავშირისგან €330 მილიონს მიიღებს

უკრაინა გადაუდებელი დახმარების პროგრამის ფარგლებში ევროკავშირისგან 330 მილიონ ევროს მიიღებს. ეს თანხები გამიზნულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და ქვეყნის მდგრადობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

შესაბამის შეთანხმებას უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლჰა სტეფანიშინამ და ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ კატარინა მატერნოვამ მოაწერეს ხელი.

„გადაუდებელი დახმარების პაკეტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის ფონზე უკრაინელების მხარდასაჭერად. ჩვენ ვაერთიანებთ ძალისხმევას, რათა უკრაინის მოქალაქეების ტანჯვა შევამსუბუქოთ და რუსეთის მიერ გაჩაღებულ სრულმასშტაბიან ომში წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, უკრაინის მდგრადობა გავაძლიეროთ", - განაცხადა სტეფანიშინამ.

კერძოდ, სახსრები გამიზნულია იძულებით გადაადგილებულ პირთა, მცირე ფერმების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდასაჭერად. ეს თანხები ევროკავშირის ბიუჯეტიდან, სამეზობლოს, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის შესაბამისად გამოიყოფა.