ევროკავშირის გზაზე მომავალი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები წევრი სახელმწიფოების ხელშია - ევროკომისია
საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ სწრაფად იმოქმედა და კომისია მოიწვია
Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში გაფართოების საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა ანა პისონერო-ჰერნანდესმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ სწრაფად დაიწყო მუშაობა დასკვნაზე და ახლა საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ ყველა პასუხს აფასებს. ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირის გზაზე მომავალი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები კვლავ წევრი სახელმწიფოების ხელში იქნება.
„საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ სწრაფად იმოქმედა და მოიწვია კომისია, რათა განაცხადის შესახებ თავისი მოსაზრება ხელშეკრულებების შესაფერისი დებულებების შესაბამისად წარმოედგინა. ჩვენ გვესმის ამ ნაბიჯის მნიშვნელობა ქართველი ხალხისთვის, რომელსაც სურს, იყოს ევროკავშირის ნაწილი. კომისიამ სწრაფად დაიწყო მუშაობა დასკვნაზე და ახლა კითხვარზე მიღებულ ყველა პასუხს აფასებს, რომელიც მოსაზრების მომზადებაში დაგვეხმარება – პირველი ნაწილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას მოიცავს, მეორე ნაწილი კი - ევროკავშირის კანონმდებლობის სხვა თავებს. კომისია სწრაფად მიიწევს წინ, რათა მოსაზრებაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაასრულოს.
ევროკავშირის გზაზე მომავალი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები კვლავ წევრი სახელმწიფოების ხელში იქნება. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ევროკავშირის ლიდერებმა მხედველობაში მიიღეს კომისიის მოსაზრებების მომზადება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ და ამ საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდებიან“, - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.