მოლდოვის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც გადაცემების რეტრანსლირებას იმ ქვეყნებიდან კრძალავს, რომლებმაც ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ ევროპული კონვენციის რატიფიცირება არ მოახდინეს. იუწყება ადგილობრივი გაზეთი NewsMaker.
ეს კანონი რუსული ტელეარხების გადაცემებსაც შეეხება. მმართველი პარტიის „მოქმედებისა და სოლიდარობის“ დეპუტატმა რადუ მარიანმა დააკონკრეტა, რომ აკრძალულია სატელევიზიო და რადიო გადაცემების საინფორმაციო, საინფორმაციო-ანალიტიკური, სამხედრო და პოლიტიკური შინაარსის გადაცემები.
კერძოდ, აკრძალულია დეზინფორმაციის, სამხედრო აგრესიის პროპაგანდის, ექსტრემისტული ან ტერორისტული შინაარსის შემცველი მაუწყებლობა, აგრეთვე ყალბი ინფორმაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. გამონაკლისი იქნება ფილმების, მუსიკისა და გასართობი გადაცემების [რომლებსაც არ აქვთ მილიტარისტული ელფერი] რეტრანსლირების დაშვება.
კანონის დარღვევა ისჯება 100 000 ლეის (5200 დოლარზე მეტი) ჯარიმით, ასევე გათვალისწინებულია მაუწყებლობის ლიცენზიის დროებით შეჩერება.
NewsMaker-ის ცნობით, ამავდროულად, კანონპროექტიდან ამოიღეს ის დებულებები, რომლებიც ყველაზე მეტ კრიტიკას იწვევდა. კერძოდ, დებულება, რომლის თანახმადაც მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურს დეზინფორმაციის გამავრცელებელი საიტების დაბლოკვის უფლებამოსილება ენიჭებოდა.